თავისუფალი გაკვეთილები

ახალი სიცოცხლე

ლელა კვენიაშვილი
7,8
ხელოვნება
Free lesson title სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლა

პროექტი "ახალი სიცოცხლე" მიზნად ისახავს ყოფითი/მეორადი საგნებით შევქმნათ ახალი ნივთები, რომლებიც ბუნებას დაბინძურების ნაცვლად გაალამაზებს, მოსწავლეებს კი უფრო შემოქმედებითსა და მზრუნველს გახდის. გამოუმუშავებთ სხვადასხვა ნივთების საკუთარი ხელით დამზადების, გარემოს დაცვის და ნარჩენების მართვის უნარს.

4

ახალი სიცოცხლე

კომენტარი (0)

თქვენი ჯამური შეფასება თავისუფალ გაკვეთილზე

0 ქულა 5 ქულიდან
0% 0% 0% 0% 0%
1 ქულა 2 ქულა 3 ქულა 4 ქულა 5 ქულა

კომენტარები

დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრება


9

29.11.2017წ. გამოფენის მოწყობა

ამ გაკვეთილზე შევაგროვეთ თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში შექმნილი ყველა ნივთი და  მოვაწესრიგეთ (დავაწებეთ, შევღებეთ, დავასრულეთ). ნივთებს შევურჩიეთ შესაფერისი ადგილები და გამოვფინეთ. დავწერეთ შთაბეჭდილებები და გადავიღეთ სამახსოვრო სურათები. 

9

22.11.2017წ. ნაყინის ჩხირებით საყვავილე ქოთნის და ბლოკნოტის ყდის დამზადება

ნაყინის ჩხირებს მივეცით მაკრატლით სასურველი ფორმა (ბოლოები ჩავუთალეთ).  ჩხირები ერთმანეთზე მივამაგრეთ ძაფით. ყველა ჩხირს სათითაოდ გავუკეთეთ ნასკვი. ასე გავაგრძელეთ სასურველ ზომამდე. ბოლოს ერთმანეთს ნასკვითვე მივამაგრეთ თავი და ბოლო და ჩავსვით შიგ ქოთანი. ბლოკნოტის ყდის დასამზადებლადაც ანალოგიურად  მოვიქეცით, მხოლოდ ჩხირებისთვის ბოლოები არ ჩაგვითლია. ქაღალდის ბლოკნოტს ყდა სილიკონის ცხელი წებოთი მივამაგრეთ.

9

15.11.2017წ. მეორადი საბურავებით სკამის დამზადება

ავიღეთ ორი საშუალო ზომის ერთნაირი საბურავი და ერთმანეთზე მივამაგრეთ ელექტრო ბურღის, ჭანჭიკებისა და ქანჩების საშუალებით. ზემოთა საბურავის თავზე  თანაბარი ბიჯებით ცარცით მოვნიშნეთ წერტილები და გავხვრიტეთ.  გახვრეტილ ადგილებზე თოკით დავწენით ბადე და დავჭიმეთ. სკამი შევღებეთ ემალის საღებავებით და ჰაერზე დავდეთ გასაშრობად.

9

8.11.2017წ. მეორადი საბურავებით საქანელას დამზადება

საშუალო ზომის საბურავებზე ცარცით მოვნიშნეთ ოთხი წერტილი  და ელექტრო ბურღით გავხვრიტეთ.  საბურავები შევღებეთ ემალის საღებავებით. საბურავებს გახვრეტილ ადგილებზე გავუყარეთ მსხვილი თოკები და გავამზადეთ ხეზე ჩამოსაკიდად.

9

1.11.2017წ. საბურავებისაგან საყვავილე ქოთნის გაკეთება

საბურავი  ცარცით მოვხატეთ. ცარცით მონიშნულ ადგილებზე მჭრელი დანით  ჩავჭერით. ელექტრო ბურღით გავხვრიტეთ გვერდებსა და ძირზე. გახვრეტილ ადგილებზე დავამაგრეთ ჭანჭიკები ქანჩებით. მივეცით ქოთნის ფორმა და შევღებეთ.

9

27.10.2017წ. მეორადი საბურავებისაგან საყვავილე ქოთნის დამზადება

შევაგროვეთ საბურავები და გავრეცხეთ. საბურავზე გვერდით, ერთ მხარეს ცარცით  ზედ დავახაზეთ ზიგზაგისებურად  და  მჭრელი დიდი დანით   ამოვჭერით ნახაზის გასწვრივ. დაჭრილი საბურავი გადმოვაბრუნეთ, გავრეცხეთ და გავამზადეთ შესაღებად.

9

25.10.2017წ. ტყავის ნაჭრებისაგან სამკაულების დამზადება

შევაგროვეთ ტყავის ნაჭრები, ნაკუწები და უკანა მხრიდან დავაუთოვეთ. ზედ მოვნიშნეთ კალმით წერტილები 2 სმ სიგანის და 3 სმ სიგრძის ოთხკუთხედების დასახაზად. წერტილებზე გავზაზეთ, გახაზულ ადგილებზე  კი  გავჭერით. მიღებული ნაჭრის 2/3 ნაწილი დავსერეთ სიგრძეზე 2მმ სიგანის ზოლებად. ერთ ტყავის ოთხკუთხედს - მთლიანს- წავუსვით სილიკონის წებო და შიგ ჩავაწებეთ ტყავის დასერილი ნაჭერი დაუჭრელი გვერდით. წებოანი ნაწილი გავამყარეთ ქვის ოდნავ კაკუნით.  დაწებებული მხარის ზედა ნაწილი შუაში გავხვრიტეთ მახათით და შიგ გავუყარეთ საყურის ყუნწი. ანალოგიურად გავაკეთეთ მეორე საყურეც.

ყელსაბამისათვის ტყავის ნაჭრები სიგრძეზე დავჭერით 5 მმ სიგანის ზოლებად. 3 ზოლით დავწენით ტყავის ზონარი ნაწნავისებურად. ასეთი ზონარი გამოიყენება ყელსაბამად, სამაჯურად ან ქამრად...  საყურის მსგავსად გავაკეთეთ ყელსაბამისთვისაც აქსესუარები და შიგ გავუყარეთ  ტყავის ზონარი.

მორჩენილი ტყავის ნაჭრები და წებო მოსწავლეებს გავუნაწილე სახლებში სამუშაოდ მსგავსი სამკაულების დასამზადებლად.

9

20.10.2017წ. კოვზებით საყვავილე ქოთნის დამზადება

შევაგროვეთ ტარმოტეხილი კოვზები. გავჭერით პოლიეთილენის 5 ლიტრიანი ბოთლი -  მოვაჭერით ზემოთა მხარე. ზედ სილიკონის წებოთი მივამაგრეთ სურვილისამებრ კოვზები ლამაზად.

ამ გაკვეთილზევე გავაკეთეთ პოლიეთილენის ბოთლებისაგან ყვავილები.  ბოთლები დავჭერით სხვადასხვა ზომის კვადრატის ფორმის ნაჭრებად. ზედ დავახატეთ ყვავილის ფურცლები და გამოვჭერით. სანთლის ალზე მოვუწვით ნაპირები და ხელით მივეცით სასურველი ფორმა.   პოლიეთილენის მწვანე ბოთლისაგან გამოვჭერით ფოთლები სასურველი ფორმით,   გვერდები ჩავუსერეთ და ესენიც მოვატარეთ სანთლის ალზე -სასურველი ფორმის მისაცემად. ყვავილის ფურცლებიც და ფოთლებიც შუაში გავხვრიტეთ მახათით.   ყვავილის ღეროსათვის ავიღეთ  მავთული და თავი მოვუმრგვალეთ. ზედ სიდიდის მიხედვით (ჯერ პატარები, მერე დიდები) ავაგეთ გამზადებული ყვავილის ფურცლები და ფოთლები. ბოლოში მივამაგრეთ სილიკონის წებოთი. ღეროზე დავახვიეთ პოლიეთილენის მწვანე პარკის ზოლი.

9

18.10.2017წ. ლითონის ყუთით და კენჭებით საყვავილე ქოთნების დამზადება

წებოცემენტი გადმოვყარეთ ვედროში, დავამატეთ წყალი და ავთქვიფეთ ჯოხით. ათქვეფილი წებოცემენტი წავუსვით   ლითონის ყუთებზე პოლიეთილენის კოვზებით. კენჭები ჩავაწეთ წებოცემებტში,  მივაწებეთ ლითონის ყუთებს სასურველ ადგილებზე სრულ დაფარვამდე და დავდეთ გასაშრობად.

 

9

11.10.2017წ. პოლიეთილენის პარკებისგან ყვავილების დამზადება

რბილი სპილენძის მავთული მოვამრგვალეთ მშრალი წებოს ყუთებზე და გადავგრიხეთ ხელით რკალად. გავამზადეთ 6-6 რკალი - ერთნაირი ზომის. მავთულის  რკალზე გადავაკარით  პოლიეთილენის თხელი ფერადი პარკი, ჩამოვჭიმეთ გადაგრეხილი ნაწილისაკენ და დასამაგრებლად დავახვიეთ საკერავი ძაფი მჭიდროდ. ასე გავამზადეთ ყველა რკალი ყვავილის ფურცლად. ავიღეთ ხის წვრილი ჯოხი და მის თავზე ყვავილის 2 ფურცელი მივამაგრეთ ძაფით აქეთ-იქით - ერთნაირი მიმართულებით.  შემდეგ კიდევ მივამაგრეთ 2-2 ფურცელი თავისუფალ ადგილას  - ჯვარედინად. ასე დავამაგრეთ 6-6 ფურცელი ყველა ჯოხზე. მწვანე პარკები დავკეცეთ სიგრძეზე წვრილად და დავჭერით თანაბარი სიგანის ზოლებად. ყვავილის ღეროზე დავახვიეთ მწვანე პარკის ზოლი ერთი ბოლოდან  მჭიდროდ მთელ სიგრძეზე. ანალოგიურად გავაკეთეთ ფოთლის რკალებიც, ოღონდ ბოლო წავუმახვილეთ და ისე გადავაკარით მწვანე პარკი და მავთულითვე მივამაგრეთ ღეროზე სასურველ ადგილას.

გაკეთებული ყვავილები მოსწავლეებმა წაიღეს სახლში ნიმუშად მსგავსის დასამზადებლად. 

9

13.10.2017წ. პოლიეთილენის პარკებით ქსოვა

თავდაპირველად გავამზადეთ საქსოვი მასალა: პოლიეთილენის ფერადი პარკები დავკეცეთ ბოლოდან ყურებისაკენ სიგრძეზე. გადავკეცეთ რამდენჯერმე და დავჭერით თანაბარი სიგანის ზოლებად. ზოლები დავშალეთ და ერთმანეთს მივამაგრეთ მარყუჟით. გადაბმული ზოლები დავახვიეთ ძაფის გორგალივით. პოლიეთილენის „ძაფით“ გავაკეთეთ რკალი და მოვაქსოვეთ ყაისნაღით. რკალი გავყავით 5 ნაწილად. მოვაქსოვეთ 4-4 თვალი და ჩავამაგრეთ ყველა ნაწილში, რითაც მივეცით ყვავილის ფორმა. ფორმის გასამყარებლად ყველა 4 თვლიან ჩაბმაზე გამოვქსოვეთ 6-6 თვალი. ყვავილს ზემოდან გავუკეთეთ ფურცლების მეორე ფენაც 3-3 თვალზე. გულად შევურჩიეთ სხვა ფერის პარკი და გამოვქსოვეთ. ასეთი ყვავილები გამოდგება ჩანთების ან ქუდების გასალამაზებლად.  

9

6.10.2017წ. პოლიეთილენის ბოთლებით ფრინველის დამზადება

6.10.2017წ. პოლიეთილენის  ბოთლებით ფრინველის დამზადება

პოლიეთილენის თეთრი ბოთლებისაგან გამოვჭერით    „ბუმბულები“. ფრინველის კისრისათვის წყლის 5 ლიტრიან ბოთლს  ყელზე მივამაგრეთ ლითონის მსხვილი მორკალული მავთული. ფრინველის ფეხებისთვის კი  ბოთლს შუაწელზე მივამაგრეთ ისევ მსხვილი მავთული. ბოთლის ტანზე სილიკონის წებოთი დავაწებეთ „ფრთები“.  კისრის მავთულზე ჩამოვაცვით დასერილი ბოთლები. თავი გავუკეთეთ შამპუნის პოლიეთილენის პატარა ბრტყელი ბოთლით და მოვხატეთ საღებავით თვალები და ნისკარტი. თავისუფალ დროს შევავსებთ ბუმბულებით და დავასრულებთ.

9

4.10.2017წ. პოლიეთილენის ნაძვის ხე

 მოსწავლეებმა მოიტანეს სახლში გაკეთებული „ნაძვის ტოტები“, რომელიც დავამატეთ წინა მეცადინეობაზე აწყობილ ნაძვის ხეს.

ამ გაკვეთილზე ვისწავლეთ სხვანაირი ნაძვის ხის გაკეთება ისევ პოლიეთილენის მწვანე ბოთლებით. ბოთლებს მოვაჭერით ძირი, ჩავჭერით ბილოდან ყელისკენ ახლა უკვე სამკუთხედებად. ზედმეტი ნაწილები ამოვაჭერით  და გადავკეცეთ. გამოჭრილი ტოტები დავახარისხეთ სიგრძის მიხედვით.  დახარისხებული  ტოტები ავაწყეთ ხის ჯოხზე თანმიმდევრობით: ჯერ გრძელები, შემდეგ მოკლეები.

ამ გაკვეთილზევე ვისწავლეთ პოლიეთილენის თეთრი ბოთლებით ფრინველის ფრთების დამზადება. თეთრ ბოთლებს მოვაჭერით ძირი და ჩავჭერით გვერდებზე 2 ადგილას, შუაზე, სიგრძეზე- ხაზის გასწვრივ. ბოლოში წვეროები მოვამრგვალეთ.  გვერდები ჩავჭერეთ მაკრატლით ბუმბულის მსგავსად ნაპირებიდან შუისკენ წვრილ-წვრილად. სახლშიც დავავალე ასეთი „ბუმბულების“ გაკეთება მომდევნო მეცადინეობისთვის.


9

29.09.2017წ პოლიეთილენის ნაძვის ხე

მოვიმზადეთ საჭირო ნივთები: პოლეთილენის მწვანე ბოთლები, მაკრატლები, ხის ჯოხი, სილიკონის წებო, მუყაოს შეღებილი ყვავილები და ქაღალდის ღეროები.

წინა გაკვეთილზე შეღებილი ყვავილები სილიკონის წებოთი დავამაგრეთ ქაღალდის ღეროებზე არეულ-დარეულად, არასიმეტრიულად. ყვავილის ტოტები ჩავაწყეთ მუყაოს ლარნაკში.

პოლიეთილენის მწვანე ბოთლებს მაკრატლით მოვაჭერით ძირი და ჩავჭერით თანაბარი სიგანის  ზოლებად ბოლოდან ბოთლის ყელისკენ. ზოლები გვერდებიდან ჩავსერეთ 1 სმ-ზე ალაგ-ალაგ დახრილი მიმართულებით. ჩასერილი გვერდები გადავკეცეთ ხელით  ზემოთ და  ქვემოთ თანმიმდევრობით. გამზადებული ბოთლების „ნაძვის ტოტები“ დავატოლეთ ერთმანეთს, დავახარისხეთ სიგრძის  მიხედვით და დავამაგრეთ ხის ჯოხზე ბოთლის თავებით - სიდიდის მიხედვით(გრძელიდან მოკლესკენ).მოსწავლეებს დავავალე; სახლშიც გააკეთონ ასეთი „ნაძვის ტოტები“ და მოიტანონ ნაძვის ხეზე დასამატებლად.

9

20.09.2017 წ. სქელი მუყაოსაგან ლარნაკის დამზადება

მოვამზადეთ საჭირო ნივთები: სქელი მუყაოს ქაღალდი, საკანცელარიო დანები, ფანქრები, სახაზავები, წებო ( პვა და სილიკონის ). მუყაოს ქაღალდზე სახაზავით მოვნიშნეთ წერტილები 5 სმ- იანი ზოლების დასაჭრელად. მონიშნულ წერტილებზე გავავლეთ სწორი ხაზები. ხაზებზე კი საკანცელარიო დანით გავჭერით ისევ სახაზავის დახმარებით. მიღებული ზოლები დავჭერით 8, 10 და 12 სმ სიგრძის ნაწილებად, გამზადებული მუყაოს 12 სმ-იანი ზოლებით ავაწყეთ ხუთკუთხედის ფორმის ჩარჩო. ზოლები მივამაგრეთ ერთმანეთზე წებოთი (პვა). დანარჩენი ზოლებიც სათითაოდ, თანმიმდევრობით მივაწებეთ ჩარჩოს სიმეტრიულად- სიდიდის მიხედვით (ჯერ 12 სმ, შემდეგ 10 სმ, ბოლოს 8 სმ). გამზადებული ლარნაკი დავდეთ გასაშრობად. ასეთი ლარნაკი ანალოგიურად დამზადდება სილიკონის წებოთიც.

 ამ გაკვეთილზევე შევღებეთ მუყაოს ყვავილები და დავაწყეთ გასაშრობად.

9

19.09. 2017 წ. კვერცხის შესაფუთი ქაღალდით ყვავილების გაკეთება

                                         

შევაგროვეთ საჭირო ნივთები: კვერცხის შესაფუთი მუყაოს ქაღალდი და მაკრატლები. მუყაო დავჭერით ზოლების გასწვრივ ჯერ კვადრატის ფორმის ნაჭრებად, შემდეგ კი ოთხ ადგილას ჩავჭერით ჯვრის ფორმაზე. ჩაჭრილი ადგილების მიხედვით გამოვჭერით ყვავილის ფოთლები ნაწილი მომრგვალო, ნაწილი კი წვეტიანი ფორმით - სურვილის მიხედვით. გამოჭრილი ყვავილის  ფოთლები ერთმანეთს შევაწებეთ სილიკონის წებოთი- 3 - 3 - ად. შუაში კი მივაწებეთ მძივები გულად. აწყობილი ყვავილები დავაწყეთ გასაშრობად. 

9

13.06.2017წ. მეორადი ქაღალდით ქსოვა

ამ გაკვეთილზე გავლაქეთ მძივები და გასაშრობად გავიტანეთ ჰაერზე. მოსწავლეებმა ისწავლეს მეორადი ქაღალდით - ძველი ჟურნალის ფურცლებით - საქსოვი ქაღალდის დამზადება. მათ საწერი კალმის გულის დახმარებით დაახვიეს წვრილად ჟურნალის ფურცელი კუთხიდან, ბოლოში კი დააწებეს. ისწავლეს ამ საქსოვი ქაღალდის გადაბმა(დაგრძელება). დამზადებული ქაღალდით კი მოვქსოვეთ საყვავილე ლარნაკი და კალათი.

9

8.06.2017წ. ქაღალდის მძივების დამზადება

ამ გაკვეთილზე ვისწავლეთ ქაღალდისაგან მძივების დამზადება. მოსწავლეებმა რვეულის ყდები დახაზეს, დაჭრეს დახაზულ ადგილებზე და ხის ჩხირებზე დაახვიეს მჭიდროდ. ბოლო ნაწილს წაუსვეს წებო და დაამაგრეს. დამზადებული ქაღალდის მძივები ააბეს ძაფებზე და გაამზადეს გასალაქად. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული მუშაობის პროცესში, ყველამ ისწავლა ქაღალდისგან მძივების დამზადება.

9

7.06.2017წ. ნარჩენების დახარისხება

მოსწავლეებმა შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მოიტანეს სკოლაში. ამ გაკვეთილზე შეგროვილი ნარჩენები დავახარისხეთ და ვისაუბრეთ მათი მეორადად გამოყენების შესახებ. ამ გაკვეთილზევე მოვახერხეთ რვეულის ყდების დახაზვაც მომდევნო გაკვეთილისთვის (მძივებისთვის).

9

31.05.2017წ. პროექტის გაცნობა

კურსის გაცნობა, თავისუფალი გაკვეთილების არსის შეხსენება, მინი ლექცია ყოფითი/მეორადი ნარჩენების შესახებ. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოძიება, დავალებების განაწილება.